Thursday, December 10, 2009

სტატიები ინტერნეტში: ხატია ხარებავა. თბილისი. 15 მაისი, 2009

ბოშათა ხანა თბილისში
დედაქალაქში მომრავლებული მაწანწალა ბავშვების მოგერიება დღითიდღე ძნელდება. შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანას შეესევიან, კაფეს ან მაღაზიას დალაშქრავენ, ფეხითმოსიარულეს აედევნებიან ,,და-ამეხმარე-ე”-ს ძახილით – ასე აგრძელებენ მათხოვრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ბოშები, რომლებსაც სხვადასხვა დროსა და ადგილას რომანის, ბოჰემიელების, ფარაონთა ტომისა თუ ციგნების სახელით იცნობდნენ. დღეს ქალაქის ქუჩებში მოთარეშე უძველესი ინდური ტომის პატარა შთამომავლები თბილისელებში ან სიბრალულს იწვევენ, ან ზიზღსა და აგრესიას. 10 წლის ვალერი დილის ცხრა საათზე იკავებს პოსტს ალექანდრე ყაზბეგის გამზირზე და საღამოს ექვსს საათამდე ხელგაწვდილი ელოდება მოწყალებას. ,,სამი წლიდან აქ ვდგავარ,” – ამბობს ვალერი. ,,მინდა ამით ჩემს მშობლებს ოდნავ მაინც დავეხმარო.” პატარა ინდ. მეწარმე, რომელიც ,,აფრიკის” დასახლებაში ცხოვრობს, სკოლაში არ დადის მაგრამ ამბობს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში კერძოდ ემზადება. ,,მთელი ცხოვრება ქუჩაში მათხოვრობას არ ვაპირებ,’’ – განაგრძობს ვალერი. ,,მინდა მქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ჩემს მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებ.” ვალერისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად გამვლელთა სიმპათიას იმსახურებს, გულნარა ქუჩის რისხვაა. ,,როდესაც ვიღაცას მივადგები და ფულს ვთხოვ, აუცილებლად უნდა მომცეს,” – განმარტავს თავის მოტივაციასა და ტაქტიკას აშარი გულნარა. ,,მეც როგორც ყველას ჭამა მიყვარს და ამისთვის ფული მჭირდება. თუ არ მომცემს იმას, რასაც ვთხოვ, მაშინ ვემუქრები. შემიფურთხებია კიდეც და თმებიც მომიჭრია გოგონებისთვის. ერთხელ ერთი გოგო უხეშად გველაპარაკა. მე და ჩემმა მეგობრებმა კი ვცემეთ და ჩანთაც წავართვით.” გულნარასნაირები საზოგადოებაში ბოშების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევენ. ,,საზიზღრები და ბინძურები არიან, ამავდროულად საშინლად უმადურებიც,” – ამბობს სტუდენტი ეკა. ,,ერთხელ ორი მათგანი მოვიდა ჩემთან და ფული მთხოვა. ორივეს მივეცი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთისთვის უფრო მეტი მიმიცია, ვიდრე მეორესთვის. ძალიან გამიბრაზდა და ფული სახეში მომაყარა. რაღაც თავის ენაზეც მომაძახა და გაბრაზებული წავიდა.” ბოშები მათხოვრობის სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. არიან როგორც ,,გამომძალველები”, ასევე მეორე კატეგორიაც, რომელიც უმანკო გამოხედვით ცდილობს გამვლელთა კეთილგანწყობის მოპოვებას. ლარისას, რომელიც ოთხი წლიდან ქუჩაში დგას და მათხოვრობს, ფულის შოვნის თავისებური სტრატეგია აქვს შემუშავებული. იგი ჯერ თავაზიანად თხოვს ხალხს დახმარებას, ხოლო თუ ასეთი გზით ვერ მიაღწია საწადელს, მაშინ უფრო ,,მკაცრ მეთოდებს” მიმართავს. პირველი მცდელობაზე ლარისა ,,დეიდა დამეხმარე” შინაარსის ფრაზით ცდილობს წარმატების მიღწევას, შემდეგ - ,,მომეცი ფული, თორემ შეგაფურთხებ”, და თუ ამანაც არ გაჭრა საქმეში გინება გადის - ,,კურობარა ბუხტა ბარდა.” ბოშა ბავშვების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ზიგიერთი მათგანი ყოველ დღე მინიმუმ 50 ლარით მაინც ბრუნდება სახლში. ბევრი არასამუშაო საათებში არც ჩაცმა-დახურვას იკლებს, ხოლო ძონძები კი ხშირად მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ფორმაა. თუმცა, ასეთი ხრიკები საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აბეზარი ბავშვების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ ცვლის. ,,არანაირი სიბრალული არ გამაჩნია მათ მიმართ,” – ამბობს ქალბატონი ნათელა. ,,ვფიქრობ, პილიციამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. არ შეიძლება მშვიდად უყურო იმას, თუ როგორ უვარდებიან ხალხს სახლებში და პარავენ ძვირფას ნივთებს.” პოლიცია თუ სხვა სახელმწიფო ორგანო ბოშათა პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობს. სანამ ხელისფულება მომთაბარე უმცირესობის ბედზე დაფიქრდება, კიდევ ხშირად მოგიწევთ გამოწვდილ ხელებში ხურდების ჩარიჩხინება, თორემ ,,კურობარა ბუხტა ბარდა” არ აგცდებათ

No comments:

Post a Comment